შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართეს.
სამუშაო თათბირზე ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გასულ წელს, ნარკორეალიზატორების გამოვლენისა და დაკავების მიზნით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებთან შედარებით
უპრეცედენტო რაოდენობის ნარკორეალიზატორი დაკავდა.
შეხვედრაზე, ტრეფიკინგისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და კვლავ
ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე პირველ კალათაში.
სამუშაო თათბირზე, ასევე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ და სამომავლო საკითხებზე ისაუბრეს. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ, მათ შორის, გასულ წელს, ირლანდიასა და ისრაელში მივლენილ იყვნენ პოლიციის ატაშეები და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა და გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.