ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი საქართველოს მოქალაქეები არიან და შეუზღუდავად შეეძლებათ ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რომელსაც მოიტანს ანაკლიის პორტი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დასაქმდნენ როგორც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში, ასევე მშენებლობის შემდეგ სამუშაოებზეც.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი საქართველოს მოქალაქეები არიან და შეუზღუდავად შეეძლებათ ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რომელსაც მოიტანს ანაკლიის პორტი. მე მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ის 300 სამუშაო ადგილი, რომელზეც პირველი ფაზის განვითარების შედეგად დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ იმ 1700-მდე სამუშაო ადგილზეც, რომელიც ჩართული იქნება ლოგისტიკის და სატრანსპორტო გადაზიდვების პროცესებში პორტის მშენებლობის შემდეგ. პორტის მშენებლობის პერიოდში, ეს რიცხვი გაცილებით დიდია და 10 ათასამდე დასაქმებულს ვარაუდობს“, – აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.