დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მომავალში იქნებიან ღირსეული ოფიცრები, ღირსეული ჯარისკაცები და ემსახურებიან ყველაზე დიდს, რასაც შეიძლება ემსახურებოდეს ადამიანი, ეს არის სამშობლო და გისურვებთ წარმატებებს, – ასე მიმართა „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებს ირაკლი ჩიქოვანმა.
თავდაცვის მინისტრმა პროექტის „ჯარის ბანაკი“ გახსნისას მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ამ პროექტის განხორციელებაში გვყავს მეგობრები, თანამდგომები. პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა განათლების სამინისტროს, რადგან პროექტი ასე ვერ განხორციელდებოდა. მართლაც წარმატებული პროექტია. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა უკვე 2300-ზე მეტს ბავშვს ვუმასპინძლებთ წელს, რაც ორჯერ უფრო მეტი რიცხვია, ვიდრე შარშან იყო. დისლოკაციის ადგილები გვაქვს სამ ადგილას. ძალიან გვიხარია, რომ ახალგაზრდებში ასეთი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საპატრიარქოს წარმომადგენლებს. როდესაც თქვენ [ახალგაზრდები] აქ გაატარებთ ამ დღეებს, გვექნება საუბარი რა თქმა უნდა სამხედრო საქმეზე, ისტორიაზე, იმ ყოველდღიურობაზე, როგორ ცხოვრობს თავდაცვის ძალები და როგორ ვითარდება, მაგრამ საპატრიარქოს თანამონაწილეობით ჩვენ გვექნება საუბარი ასევე იმ წმინდანებზე, იმ მხედართმთავრებზე, რომელსაც უდიდესი როლი ენიჭებათ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში, ჩვენი შეიარაღებული ძალების ისტორიაში, საპატრიარქოს წარმომადგენლები ისაუბრებენ ასევე მათ გამოცდილებაზე, როგორც კაპელანების, როგორც სამხედრო ნაწილებში, ასევე იმ მისიებში, რომელსაც ასრულებდა თავდაცვის ძალები ქვეყნის გარეთ.
დარწმუნებულები ვართ და გვაქვს იმედი, რომ როდესაც დაბრუნდებით სახლებში, დაბრუნდებით სკოლებში მომავალ წელს, გაუზიარებთ თქვენს გამოცდილებას თქვენს თანატოლებს. დაფიქრდებით იმაზე, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება დაუკავშიროთ თქვენი ცხოვრება თავდაცვის ძალებს იმიტომ, რომ განვითარების გზაზე მდგომ თავდაცვის ძალებს სჭირდება მჭიდრო კონტაქტი ახალგაზრდებთან. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მომავალში იქნებიან ღირსეული ოფიცრები, ღირსეული ჯარისკაცები და ემსახურებიან ყველაზე დიდს, რასაც შეიძლება ემსახურებოდეს ადამიანი, ეს არის სამშობლო და გისურვებთ წარმატებებს. სიმბოლურია, რომ თქვენ იმყოფებით საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში. ასეთი გმირების მხრებზე, ასეთი გმირების ქმედებებზე დგას ჩვენი სახელმწიფო და ასეთი გმირებით ამაყობს ჩვენი თავდაცვის ძალები“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.