საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყონებლივ შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
რეზოლუციას სახელწოდებით უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მხარი დაუჭირა 99-მა სახელმწიფომ, ცხრა – წინააღმდეგ წავიდა (ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ერიტრეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი და სირია), ხოლო სამოცმა სახელმწიფომ თავი შეიკავა.
რეზოლუცია რუსეთისგან მოითხოვს სასწრაფოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და დაუყოვნებლივ დააბრუნოს სადგური უკრაინის კონტროლის ქვეშ მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.