საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, არჩილ არველაძე დაეთანხმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანის, გიორგი თვალაბეიშვილის შეფასებას, რომლის თქმითაც, ჩვენი ნაკრების გამოვარდნის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი მისთვის გაუფერულდა.
„ადრე დიდ ტურნირებზე ყველა ხელებს იფშვნეტდა, რომ კარგი თამაშები გველოდა. ახლა კი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მონაწილეობდა და აბსოლუტურად აღარ მაინტერესებდა, სხვა ჯგუფებში რა ხდებოდა“, – თქვა გიორგი თვალაბეიშვილმა.
არჩილ არველაძე: „საქართველოს ნაკრების გამოვარდნის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი ჩემთვის ძალიან უფერული გახდა. რა თქმა უნდა, თამაშები ვნახე, მაგრამ ადრე, სანამ ჩვენი ნაკრები არ თამაშობდა, გაცილებით დიდი ყურადღებით ვადევნებდი თვალს ამ დონის ტურნირს. არ ვიცი, ამის ბრალია თუ სხვა რამაა მიზეზი, მაგრამ ახლა ევროპის ჩემპიონატი აღარ მომწონს, ესპანეთთან წაგების შემდეგ „ცალი თვალით“ ვუყურებ.
ადრე ასეთი დიდი ტურნირებისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით და დიდ ეკრანებთან ვიკრიბებოდით. ახლა საერთოდ განსხვავებული ევროპის ჩემპიონატი იყო და მიღებულ ემოციას ვერაფერს შევადარებ.
სექტემბერში ერთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყებას ისე ველოდები, როგორც ევროპის ჩემპიონატს. ასეთი ბედნიერი საქართველო მე არასოდეს მინახავს“.