საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში ფიჯის ნაკრებს შეხვდა, 40:36 დაამარცხა და ფინალში 19 ივლისს იტალიას დაუპირისპირდება, რომელიც მიმდინარე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ერთხელ უკვე დაამარცხა – 28:17.
პირველ ტაიმში უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში ლელო მიხეილ ხახუბიამ და ტარიელ ბირთიკაშვილმა დადეს, ლუკა ცირეკიძემ ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა გაიტანა, რასაც ფიჯელებმა ორი ლელოთი (პლუს ერთი გარდასახვა) უპასუხეს და პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 21:12 მოიგეს.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მალე საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა, კუნძულელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და ერთი ლელოს დადებაც შეძლეს. ქართველები უპირატესობის გაზრდას ცდილობდნენ და გამოუვიდათ კიდეც – შეტევაში კარგად ითამაშა კოტორაშვილმა, ბურთი მოიპოვა და გერგედავას გადააწოდა, რომელსაც ლელოს დადება აღარ გასჭირვებია, ცირეკიძის მორიგი გარდასახვაც ზუსტი გამოდგა – 28:17.
დარჩენილი დრო გუნდებმა შეტევებში გაატარეს, ლელოების დადებაც მოახერხეს, საბოლოოდ კი საქართველოს ნაკრებმა მოიგო და მეცხრე ადგილისთვის ფინალურ შეხვედრაში 19 ივლისს იტალიის ნაკრებს ეთამაშება.