იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ჩინეთს თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მელონიმ ჩინეთთან ურთიერთობების განახლების პირობა დადო. მან თავისი ვიზიტი აღწერა, როგორც „ახალი ფაზის დაწყების სურვილის დემონსტრაცია“.
ის უკვე შეხვდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ქიანს და ხელი მოაწერა ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების სამწლიან გეგმას, რომელშიც საუბარია ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ელექტრომობილები და განახლებადი ენერგია.
თავის მხრივ, პრემიერ ლის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რომსა და პეკინს სურთ გააძლიერონ მცირე და საშუალო ზომის კომპანიების თანამშრომლობა ხომალდების მშენებლობის, ახალი ენერგიისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში.
გასულ წელს ჩინეთსა და იტალიას შორის ვაჭრობის ბრუნვამ 66.8 მილიარდი ევრო შეადგინა. ამ მაჩვენებლით პეკინი რომის უმსხვილესი არაევროპელი პარტნიორია აშშ-ის შემდეგ.
მელონის ვიზიტი ჩინეთში 5 დღეს გაგრძელდება.