საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თენგიზ ცერცვაძე მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა ადამიანების ჯანმრთელობას, ქართული მედიცინის განვითარებას და მისი გარდაცვალება ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია.
პრემიერ-მინისტრმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების წარმატებაზეც ისაუბრა და ძიუდოისტ ლაშა ბექაურს ოლიმპიური ჩემპიონობა, ხოლო ტატო გრიგალაშვილს ოლიმპიური ვერცხლის მედალი კიდევ ერთხელ მიულოცა. ირაკლი კობახიძემ წარმატებები უსურვა ილია სულამანიძესა და ლაშა გურულს, რომლებიც ოლიმპიადაზე დღეს იასპარეზებენ.
მთავრობის მეთაური სხდომაზე ასევე გამოეხმაურა 9%-იან ეკონომიკურ ზრდას და აღნიშნა, რომ ეს საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის პროექტის პრიორიტეტულობას და განაცხადა, რომ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ერთ-ერთი უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი განახორციელებს, რომელიც საერთაშორისო ტენდერის შედეგად შეირჩა.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა რთველის სუბსიდირებაზეც. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ ერთ ლარს. მოსავლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით რთველის საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე, რომელიც 3000-მდე კურსდამთავრებულს საჯარო სტრუქტურებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობას მისცემს და შესაბამისად, კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის. კონკურსში მონაწილეობის მიზნით განაცხადების წარდგენა 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრებაა.
ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომა გამართა (ფოტოები)
2024/08/01 13:39:36
კომენტარები
ნანახია: 15 ჯერ