არ უნდა დაგვავიწყდეს ეს სიმყიფე მშვიდობის და ის პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ არ დაუშვას ომი ქვეყანაში და ეს არის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ ბოლო 12 წელია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების გახსენებისას.
შალვა პაპუაშვილმა აგვისტოს ომის შესახებ მუხათგვერდში ისაუბრა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს. ყველა ვიხსენებთ აგვისტოს იმ მძიმე დღეებს 16 წლის წინ, რომლებიც ჩვენ ყველამ ერთად განვიცადეთ. იყვნენ ჩვენი გმირი სამხედროები ცეცხლის წინa ხაზზე, იყვნენ სამოქალაქო პირები, რომლებიც ამ ომის ეპიცენტრში მოჰყვნენ და იყო მთლიანი საქართველო, რომელიც იმ დღეებში განსაკუთრებით მძიმედ განიცდიდა იმ აგრესიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა.
ჩვენ მაშინ ვნახეთ და დღესაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მყიფეა ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის. ჩვენ გვახსოვს აგვისტოს დღეები, როდესაც ხალხი, ქვეყანა, როგორც წესი, უფრო დასვენებისკენ, სილაღისკენ არის ხოლმე მომართული და რა უცებ მოიღრუბლა ჩვენს ქვეყანაში და რა უცებ გადაიქცა ბედნიერი დღეები ტრაგიკულ დღეებად. არ უნდა დაგვავიწყდეს ეს სიმყიფე მშვიდობის და უპირველეს ყოვლისა, ის პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ არ დაუშვას ომი ქვეყანაში და ეს არის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ ბოლო 12 წელია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.