საქართველომ ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა(125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გენო პეტრიაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ გახდა მეორე ქართველი სპორტსმენი, რომელმაც სამივე სინჯის მედლის მოპოვება შეძლო. მოჭიდავე ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.
ფინალამდე გენო პეტრიაშვილმა უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის ანგარიშით 11:0 მოუგო, მეოთხედფინალში პოლონელი რობერტ ბარანი ანგარიშით 9:2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს ანგარიშით 7:0 სძლია.
შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს ფინალში იჭიდავებს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი(97 კგ), ოლიმპიური ოქროსთვის ის ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდება.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ხუთი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.
გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია – საქართველომ ოლიმპიადაზე მეორე ოქროს მედალი მოიპოვა
2024/08/10 22:46:58
ნანახია: 56 ჯერ