უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა სხვა ქვეყნებს ომი მოუტანა და ახლა ომი მათ სახლში ბრუნდება.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ ვითარდება რუსეთი პუტინის დროს: 24 წლის წინ „კურსკის“ კატასტროფა მოხდა – მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი და ახლა ჩვენ ვხედავთ, რა არის მისთვის დასასრული. და ესეც კურსკია. მისი ომის კატასტროფა. ეს ყოველთვის ემართება მათ, ვისაც სძულს ადამიანები და წესები. რუსეთმა სხვებს ომი მოუტანა, ახლა კი ომი მათ სახლში ბრუნდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინა რუსეთის ტერიტორიის დაახლოებით 1000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს.
კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა ვლადიმირ პუტინთან თათბირზე განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშ 28 დასახლებული პუნქტია.