„რადიო თავისუფლებამ“ ჰაიდი ტალიავინთან – შვეიცარიელ დიპლომატთან ინტერვიუ 9 აგვისტოს გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტის კითხვები სწორედ ტალიავინის აგვისტოს ომის შესახებ მომზადებულ ანგარიშს ეხება.
ინტერვიუში ტალიავინი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ დოკუმენტი იმ დროს არსებულ სიტუაციას ასახავდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ანგარიში საქართველოს სდებდა ბრალს ომის გაჩაღებაში და რამდენად წონადია ეს არგუმენტი, ტალიავინი პასუხობს, რომ ფორმულირება სწორი იყო და რომ კომისიას ქართული მხარისგან არ მიუღია არცერთი დოკუმენტი, რომელიც ამ გარემოებას უარყოფდა. ტალიავინი ამბობს, რომ მსგავსი კითხვები ყოფილი ხელისუფლების მიმართ უნდა დაისვას.
„როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეტაკებები ომში გადაიზარდა? რა მომენტში? და ვფიქრობ, ცხინვალის ინციდენტი [დაბომბვა – რ.თ.] იყო სწორედ ასეთი მომენტი და ამიტომაც იქცა იგი თავის ტკივილად ქართული მხარისთვის. ამ ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები. ეს იყო ერთადერთი ძალა, რომელსაც უფლება ჰქონდა შესულიყო და გაეთავისუფლებინა ისინი. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ისინი მაშინვე უნდა გასულიყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში შემოჭრა განეგრძოთ“, – ამბობს ტალიავინი ინტერვიუში.