ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალ რაუნდში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემა The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ეს ძლიერი სიგნალია იმისა, რომ ნებისმიერი გარღვევა მოლაპარაკებებში ჯერ კიდევ მიუღწეველია მიუხედავად იმისა, რომ აშშ, კატარი და ეგვიპტე „ჰამასსა“ და ისრაელზე შეთანხმების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებენ.
ლიბანში „ჰამასის“ წარმომადგენელმა, აჰმად აბდულ ჰადიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ჰამასმა“ გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რადგან დაჯგუფების ლიდერები არ ფიქრობენ, რომ ისრაელის მთავრობა კეთილსინდისიერად აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
„ნეთანიაჰუ არ არის დაინტერესებული ისეთი შეთანხმების მიღებით, რომელიც აგრესიას სრულად დაასრულებს. პირიქით, ის იტყუება. მას სურს ომის გახანგრძლივება და რეგიონულ დონეზე [ომის] გაფართოებაც კი“, – აღნიშნა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.