სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 566.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 532.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ანუ შემცირდა 1.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9 034.6 მილიონ აშშ დოლარს – ზრდამ 2.9 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ- ივლისში, 5 502.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8 პროცენტია.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 809.5 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 1 427.8 მილიონი აშშ დოლარითა და აშშ – 1 078.4 მილიონი აშშ დოლარით.