შეერთებული შტატები კიევისგან რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის მიზნების შესახებ მეტი ინფორმაციის გაზიარებას ითხოვს. ამერიკის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის, პეტ რაიდერის თქმით, პენტაგონი კვლავაც დაეხმარება უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში, თუმცა შორი მოქმედების იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ამერიკის პოზიცია არ შეცვლილა.
კიევის თხოვნის მიუხედავად, ვაშინგტონი უკრაინას რუსეთის სიღრმეში დასავლური შეიარაღების გამოყენების უფლებას არ აძლევს.
„მოვისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება ბუფერული ზონის შექმნასთან დაკავშირებით, ასე რომ უკრაინასთან ვსაუბრობთ, რათა მათი მიზნების შესახებ უფრო მეტი გავიგოთ. რაც შეეხება კურსკში მათ ოპერაციას, უკრაინელებმა რუსები აიძულეს თავი დაეცვათ. ამ ოპერაციისას ვნახეთ კრეატიულობა და საბრძოლო უნარების დემონსტრირება. მაგრამ როდესაც საქმე უკრაინელების გრძელვადიან მიზნებამდე მიდის, ჩვენ მათთან ამას ჯერ კიდევ განვიხილავთ“, – აღნიშნა რაიდერმა.