ორშაბათს, 2 სექტემბერს, ლიეტუვაში ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, 09:00 საათისთვის, პოლიციაში შევიდა 26 სატელეფონო ზარი, რომლის თანახმად, სკოლებმა ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ ელექტრონული შეტყობინებები მიიღეს.
პოლიციის დეპარტამენტის პრესმდივანმა, რევიტა იანავიჩიუტემ სააგენტო „ბიენეს“-ს (BNS) განუცხადა, რომ ყველა ელექტრონილი შეტყობინება ვილნიუსში გაიგზავნა და რუსულ ენაზე იყო დაწერილი.
„არცერთი მუქარა არ დადასტურდა“, – აღნიშნა მან.
ამ დროისთვის პოლიციას საგანმანათლებლო დაწესებულებში ევაკუაციის განხორციელების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„ცრუ შეტყობინებების საქმეზე წინასწარი გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის“, – დასძინა პრესმდივანმა.
ახალი სასწავლო წლის დაწყების წინა დღეს, პოლიციის დეპარტამენტმა, „ფეისბუქის“ მეშვეობით, რეკომენდაცია მისცა სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მუქარის შემცველი ელშეტყობინების მიღების შემთხვევაში, პანიკაში არ ჩავარდნილიყვნენ, ამასთან – ფხიზლად ყოფილიყვნენ და სამართალდამცავების რეკომენდაციები დაეცვათ.
რაც შეეხება თავად რეკომენდაციებს, სკოლებს ურჩიეს, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, სამაშველო სამსახური კი არ გამოეძახათ, არამედ მუშაობა განეგრძოთ და კონსულტაციები პასუხისმგებელ პირებთან გაევლოთ.
პოლიციამ ასევე მოუწოდა სკოლებს, არასაჭირო ევაკუაციაზე უარი ეთქვათ და სამაშველო სამსახურში მხოლოდ საეჭვო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში დაერეკათ.
2023 წლის ოქტომბერში, მთელი ლიეტუვას მასშტაბით, რამდენიმე დღის განმავლობაში, ბომბის აფეთქების მუქარის შემცველი ათასობით წერილი გაეგზავნათ სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და მუნიციპალურ ოფისებს. ასეთმა შეტყობინებებმა, ანალოგიურ პერიოდში, ლატვია და ესტონეთიც წალეკა.
ლიეტუვას სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა მაშინ განაცხადა, რომ ეს, სავარაუდოდ, იყო მიზანმიმართული და კოორდინირებული თავდასხმა „მტრული სახელმწიფოების“ მხრიდან, რომელიც პანიკისა და ქაოსის გამოწვევას ისახავდა მიზნად.
თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ შეტყობინება, როგორც ჩანს, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა გაგზავნეს.