ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი, რომელზეც გამოძიება ფარული ჩანაწერით გავიდა, 25 წლის ლუკა ჩიხლაძეა.
როგორც „პრაიმტაიმის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან ირკვევა, ლუკა ჩიხლაძეს მისი მეგობარი და მკვლელობაში ბრალდებული ბექა შენგელია 75 წლის ლუბა ყოჩიაშვილის სასტიკი მეთოდით მკვლელობას მოკლულის შვილის, ასევე, ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის თანდასწრებით უყვება. ლუკა ჩიხლაძე კი დანაშაულის შესახებ მოსმენილი ინფორმაციის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ ბექა შენგელიას ეუბნება, რომ მოხუცი ქალისთვის „კისლატა უნდა დაესხათ“.
როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით ლუკა ჩიხლაძეს პატიმრობა უკვე შეუფარდა. შუამდგომლობების დაყენების დროს ჩიხლაძის ადვოკატმა დავით აბესაძემ გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ლუკა ჩიხლაძეს ჰკითხა, მუშაობს თუ არა და თუ შეუძლია გირაოს გადახდა.
როგორც ლუკა ჩიხლაძემ განაცხადა, ის დასაქმებული არ არის, არც უძრავი ქონება აქვს, თუმცა მშობლებს სახლი აქვთ და გირაოს უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნებოდა.
პროკურატურამ დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდება რამდენიმე მიზეზით მოითხოვა. პროკურორმა ინა გუგუშვილმა მოსამართლეს განუცხადა, რომ არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
„ნასამართლევია, პირობითი მსჯავრი აქვს და არსებობს მიმალვის საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ მას წინა მსჯავრის მოხდაც ემუქრება. რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურებას, ჩანაწერში ნათლად ისმის, რომ მას აქვს მისწრაფება ცხედრის განადგურების, ამიტომ მისი თავისუფლებაზე დატოვება საფრთხეს შეუქმნის მტკიცებულებებს“, – განაცხადა პროკურორმა.
ინა გუგუშვილი იმასაც განმარტავდა, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის შეუტყობინებლობას, რის გამოც ლუკა ჩიხლაძეს პატიმრობა უნდა შეფარდებოდა. თავად ჩიხლაძემ საკუთარი თავის წარდგენისას, მოსამართლის შესაბამის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ის ნასამართლევია მარიხუანის მოხმარებისთვის, 6-თვიანი სასჯელი მოიხადა და 5-წლიანი პირობითი აქვს მისჯილი.
მოსამართლე ელენე გოგუაძე მხარეების შუამდგომლობების მოსმენის შემდეგ სათათბირო ოთახში გავიდა. შესვენების შემდეგ კი მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა და ლუკა ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის არსებითი განხილვა 1-ელ მაისს 12:00 საათზე დაიწყება.
თბილისში საზარელი მკვლელობა 19 ოქტომბერს მოხდა. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირსა და აღნიშნული დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 1 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს.
ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყოჩიაშვილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის #8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.
ბრალდებულების საქმე სასამართლო განხილვებისას რამდენიმე ეპიზოდად გაიყო. არასრულწლოვნის საქმეს სასამართლო – ცალკე, ბექა შენგელიასა და ირმა ყოჩიაშვილის საქმეს – ცალკე, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ორი პირის საქმეს სასამართლო ცალ-ცალკე დახურულ რეჟიმში განიხილავს.
შსს-ს ცნობით, ეს იყო რიტუალური მკვლელობა, რასაც ბრალდებულ ბექა შენგელიას ჩვენებაც მოწმობს. იგი აღიარებს, რომ მოკლული ქალის შინაგანი ორგანოები შეწვეს და შეჭამეს.