“19 მაისს ხურჩაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, 31 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი ოღლი არც დაჭერილია და არც დაუკითხავთ – ეს ინფორმაცია გალის შეხვედრებზე აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებისგან გახდა ცნობილი. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, აფხაზების მიერ ითქვა, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის და ამდენად ვერავის ვერ დააკავებდნენ. შეხვედრაზე აფხაზებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ სს საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული და პირობა დადეს, რომ გამოიძიებდნენ. ქართულმა მხარემ კი მათ ვიდეოჩანაწერი და მოწმეების ჩვენებები გადასცა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ესენი ძაღლებივით უნდა დახოცო” / რას ფიქრობენ აფხაზები ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე.
“4-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ხუთმხრივი საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართულმა მხარემ საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას საკითხი დააყენა და მომხდარზე დროული და ადეკვატური რეაგირება და მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) და შს სამინისტრო წარმოადგენდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ იცოდა, შეხვედრაზე განსახილველი თემა ხურჩაში მომხდარი მკვლელობა რომ უნდა ყოფილიყო და ამის მიუხედავად, გამოძიების შესახებ მათ ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. არაფერი თქმულა, რატომ არ დაიკითხა 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე მორიგე ყველა ე.წ. მესაზღვრე და სად იმყოფება ამჟამად კანჯი-ოღლი… მორიგი შეხვედრა 6 ივლისს დაიგეგმა, მანამდე კი ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 36-ე რაუნდი გაიმართება 14-15 ივნისს და დე ფაქტო აფხაზეთში მიმდინარე გამოძიებაზე რაღაც ინფორმაცია შეიძლება ამ დროს მაინც გახდეს ცნობილი”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გადაიტანეს საუბარი იმაზე, რომ ეს მომდევნო კომუნიკაციებისას გავაკეთოთო. რა თქმა უნდა, იცოდნენ, როდის მოხდა მკვლელობა და ვინ იყვნენ მაშინ მორიგეები და ყველა უნდა დაეკითხათ, რეალურად რომ ნდომოდათ რამე. შეხვედრაზე არ ვყოფილვარ და ასე, გარედან, ზუსტად არ ვიცი, რა ხდებოდა. ჩვენებმა თქვეს, რომ კონსტრუქციული და იყო საქმიანი გარემო და იმის აღქმა, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ოღონდ აქამდე რომ არ გადაიდგა და კონკრეტული არაფერი თქვეს, ჩემთვის ეს არადამაკმაყოფილებელია. ყველა შემთხვევაში მომავალი თანამშრომლობის სივრცე გახსნეს. არავის არ უარუყვია, რომ დანაშაული ჩადენილია, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება, თუმცა ჩვენ რაც გვინდა, დამნაშავე რომ გადმოგვცენ, ამ თემაზე თანხმობა არ არის”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ქეთევან ციხელაშვილი.
“მათი მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქმეს იძიებს დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. სამხედრო პროკურატურა. განზრაზ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს. რაც შეეხება გადმოცემის საკითხს, გვითხრეს, რომ ამას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და, ბუნებრივია, ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენთვის ეს თავისთავად მიუღებელია იმიტომ, რომ ენგურის ხიდის გაღმა არ არსებობს საერთაშორისო სამართლის არანაირი სუბიექტი, არსებობს ჩვეულებრივი ოკუპირებული ტერიტორია… ჩვენი მთავარი მიზანი უცვლელი და პოზიცია პრინციპული იქნება. ჩვენ ყველა ფორმატში დავაყენებთ მოთხოვნას, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. მათ გვითხრეს, რომ არანაირ ექსტრადირებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ექსტრადირება არის ორი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს შორის შესაბამისი ურთიერთობის საფუძველზე განხორციელებული ქმედება და ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია. როდესაც ჩვენ კონკრეტული კითხვები დავუსვით, მათ გვითხრეს, რომ ისინი არ არიან ე.წ. სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლები და აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ”, – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია.
“საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება 21 მაისს გამოიტანა და მის მიმართ დევნა სს კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო და როგორც პროკურატურაში აცხადებენ, რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ ინტერპოლით ძებნა მალე გამოცხადდება. რუსეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აფხაზ ე.წ. მესაზღვრეებს აკისრებს. მომხდართან დაკავშირებით მორიგი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა – უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ინციდენტი იმ ზონაში მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა აფხაზურ მხარეს ეკისრება. მისივე თქმით, მომხდართან რუს მესაზღვრეებს ირიბი შეხებაც არ ჰქონიათ”, – განაგრძობს გამოცემა.
“აფხაზური მედია ამ თემას საერთოდ არ განიხილავს, არავინ არ წერს, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, ვინმე თუ დაიკითხა და სად არის მკვლელობაში ბრალდებული ამჟამად გავრცელდა მხოლოდ ერთეული “ოფიციალური” განცხადებები: მაგალითად, ე.წ. პროკურატურის, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო; ასევე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადება, რომ გალის “საზღვარზე ინციდენტის” გამო, რის შედეგადაც მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე, გალის შეხვედრა დაინიშნა; და უკვე შეხვედრის შემდეგ ასევე მშრალი ინფორმაცია იმაზე, რომ 4 წლის შემდეგ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 36-ე შეხვედრამ კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა” მკვლელობას გამოხმაურებები მოჰყვა ფეისბუქში. წერენ, რომ თვითმხილველების თქმით, ქართველი მამაკაცი საბუთების გარეშე ცდილობდა “საზღვრის” გადალახვას და ამის გამო ატყდა ჩხუბი. იგი აფხაზ მესაზღვრეს აგინებდა და ახრჩობდა კიდეც. შემდეგ ხიდზე გაიქცა გინებით, აფხაზმა კი ეს ვერ მოითმინა და მოკლა. აფხაზების მცირე ნაწილი წერს, რომ რაც უნდა მომხდარიყო და რამდენადაც უნდა გაეღიზიანებინა ქართველს აფხაზი, მკვლელობა დაუშვებელია და დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რომ ეს მკვლელობა მათ “რესპუბლიკას” აზარალებს”, – დასძენს გამოცემა.
“თუმცა, ასევე გაისმა მოსაზრებებიც, რომ თუკი საკუთარი ქვეყნის საზღვრის დაცვის გამო დაიჭერენ აფხაზეთის მოქალაქეს, ამას არ შეეგუებიან. ბევრია აგრესიული კომენტარიც: “20 წლის განმავლობაში 200-ზე მეტი აფხაზი “მესაზღვრეა” ქართველი დივერსანტების მიერ მოკლული და ამაზე რატომ არ იღებენ ხმას, მხოლოდ ჩვენ გვადანაშაულებენ?!”; “მხოლოდ ერთია მოკლული? ყველა ერთად უნდა ამოჟლიტო”; “ესენი ძაღლებივით უნდა დახოცო”; “პროვოკაცია მოუწყო მაგ ქართველმა ჩვენს მესაზღვრეს და ამიტომაც მოკლეს”; “ყოჩაღ, რომ თავი შეიკავა და სხვებიც არ დახოცა”; “ქართველებმა მხოლოდ პროვოკაციის მოწყობა იციან და დამსახურებულად მიიღო”; “ქართველებს ჩვენი ერის სრულად განადგურება სურდათ, ყარყარაშვილის და შევარდნაძის განცხადებები გაიხსენეთ”; “გენოციდს გვაბრალებენ და გალში სულ ქართველები ცხოვრობენ”; “დიდი სიამოვნებით დავნაღმავდი მთელ გადმოსასვლელებს”; “ჩვენს მესაზღვრეს, რომელმაც სიცოცხლე გარისკა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე გაეკიდა დამნაშავეს, საზღვრის დაცვისათვის გმირობის ჯილდო ეკუთვნის”; “ქართველები ლაჩრები არიან, ტყუილად კი არ არის ლერმონტოვის ლექსი, “გარბოდნენ მხდალი ქართველები”. ასე შერცხვენილები გარბოდნენ ისინი აფხაზეთიდანაც”… – წერს სტატიის ავტორი.
“აფხაზეთში, როგორც წესი, ძალიან ხშირია მკვლელობები და საკმარისია მილიციამ დამნაშავის დაკავება მოინდომოს, რომ ამ პროცესში აუცილებლად ჩაერევა ხოლმე გვარი, კლანი თუ სუყველა. რაც უფრო ძლიერი კლანია, მით უფრო თავისუფლად გრძნობს დამნაშავე თავს. თუმცა, კანჯი ოღლი არ არის აფხაზი და არც ერთი კლანის წევრი და ამიტომ მისი დაკავება უფრო მარტივია. მე ვიცოდი, რომ ის დაკითხეს და დაკავებულიც იყო. როგორც ჩანს, იქ რაღაც ვაჭრობა ხდება. ზუსტად რა, ეს არავინ ვიცით”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის” – ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.
“აფხაზებისგან იმის თქმას, რომ დაკავებული და დაკითხული არ არისო, არ ველოდი. რაც უფრო გაწელავენ ისინი ამ საქმეს, მით უფრო მძიმე შთაბეჭდილება შეიქმნება მათი ქმედების თაობაზე და მით უფრო მეტად შეუძლია ქართულ მხარეს მუდმივი პედალირების ქვეშ ამყოფოს აფხაზებიც და რუსებიც სხვადასხვა ფორუმზე. რაც უნდა ილაპარაკონ რუსებმა, რომ ეს აფხაზების პასუხისმგებლობაა, მოსკოვსა და სოხუმს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით რუსი მესაზღვრეები იცავენ აფხაზურ “საზღვრებს” დანარჩენი საქართველოსგან. აქედან გამომდინარე კი რუსი მესაზღვრეები პასუხისმგებლები არიან ამ სასტიკ მკვლელობაზე და ჩვენ ამას გამოვიყენებთ. რა იდენტიფიცირება უნდოდა ახლა ამას? ოთხივე სამხედროს, ვინც ჩვენს კონტროლირებად მხარეს იყო გადმოსული, მათი სახელი და გვარი არის ყველასთვის ცნობილია. საქმის ასე გაწელვა აფხაზებისა და რუსებისთვის არის ცუდი”, – დასძენს არეშიძე.