აშშ-ის სენატორმა ვერმონტიდან ბერნი სანდერსმა სხვა კანონმდებლებთან ერთად შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 220 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მქონე იარაღის მიყიდვას კრძალავს. ინფორმაცია სანდერსის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
„ნეთანიაჰუს ექსტრემისტული მთავრობისთვის იარაღის მომდევნო გაგზავნა მიუღებელია“, – წერია სანდერსის განცხადებაში.
ამერიკელი კანონმდებელი თვლის, რომ ისრაელის პრემიერი არა მხოლოდ „ჰამასს“, არამედ პალესტინელ ხალხს ეომებოდა. „მან [ისრაელის მთავრობამ] პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ტოტალური ომი გააჩაღა, 41 ათასი პალესტინელი მოკლა და 95 ათასი დაჭრა, რომელთაგან 60% ქალები, ბავშვები ან მოხუცებია“, – აღნიშნა სანდერსმა.
მის განცხადებაში წერია აგრეთვე, რომ ისრაელისთვის იარაღის მიწოდება არა მხოლოდ ამორალური, არამედ უკანონოც არის. „არსებობს მრავალი დოკუმენტური სამხილი იმისა, რომ ეს იარაღი აშშ-ის კანონებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით გამოიყენება“, – დასძინა კანონმდებელმა.
ივარაუდება, რომ კანონპროექტის აშშ-ის კონგრესში კენჭს ნოემბერში უყრიან.