ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარბებით, 216%-ით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში, მესამე კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 38 მლნ ლარის ნაცვლად 82 052 542 ლარი გადარიცხა. საანგარიშგებო პერიოდში გამოცხადდა 337 ელექტრონული აუქციონი, – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„მიმდინარე წელს, წარმატებული პრივატიზაციის შედეგად, გადაჭარბებით შესრულდა სამივე კვარტლის საპრივატიზებო გეგმა, შედეგად 9 თვის გეგმით გათვალისწინებული 111 000 000 ლარის ნაცვლად, სააგენტომ ცენტრალურ ბიუჯეტში 179 241 279 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო, რაც წლიური გეგმის 89,6%-ს შეადგენს.
სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შეთავაზება. შეგახსენებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.