ისრაელი რეგიონულ კონფლიქტებს ოკუპაციის გასამართლებლად იყენებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ისრაელის მიერ „ჰამასის,“ „ჰეზბოლას,“ იემენის, სირიისა და ირანის მოხსენიება მხოლოდ საბაბია. ისრაელის მთავრობა ყოველდღიურად ახალ გამართლებებს იგონებს თავისი ოკუპაციის ლეგიტიმაციისთვის“, – განაცხადა ერდოდანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის უპირობო მხარდამჭერებს რაციონალური მოქმედებისკენ მოუწოდა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლისმსმელი ისრაელის მთავრობის მიერ გაჩაღებული ცეცხლი დაწვავს არა მხოლოდ ამ რეგიონს და აქ მცხოვრებ ხალხს, არამედ თქვენც”, – აღნიშნა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი გააგრძელებს ღაზის მხარდაჭერას ყველა შესაძლო საშუალებით და მოუწოდა ისლამურ სამყაროს, ეკონომიკური და სავაჭრო ზომები მიიღოს ისრაელის აგრესიის აღსაკვეთად.
„დღეს ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმავე ადგილას, სადაც პირველ დღეს ვიდექით. ჩვენ დღეს ვიცავთ იმავე ღირებულებებს, რასაც პირველ დღეს ვიცავდით”,- განაცხადა ერდოღანმა.