სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას რაც ახლა სჭირთ, ეს არის პოლიტიკური აგონია და პანიკა. როგორც ჩანს, 26 ოქტომბრამდე ეს სიმპტომები კიდევ უფრო გაღრმავდება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ ორბელიანების სასახლეში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ამ სასახლეში არჩევნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა გავუწიოთ მონიტორინგი, რაც იმ დღეს მოხდება“.
„მათ დაიმსახურეს, რომ ამომრჩევლისგან უარყოფილი იყვნენ. ცდილობენ, რამენაირად დეზინფორმაციითა და სიცრუით ნიადაგი შექმნან, რათა არჩევნების შეფასების დროს ინტერპრეტაციების სივრცე დატოვონ. როგორც არ უნდა ეცადონ, დეზინფორმაციით ვერავინ გავა ფონს. საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ არჩევნები სამართლიანი და კონკურენტუნარიანი იქნება. რასაკვირველია, მათ კონკურენტულ გარემოში არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს, პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ქართველი ხალხი მიიღებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.