დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის მოადგილემ ნაიმ კასემმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ლიბანში ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას. ინფრომაციას არაბული მედია ავრცელებს.
მედიის მტკიცებით, კასემმა ეს განცხადება 30-წუთიანი მიმართვის დროს გააკეთა და პირველად არ ახსენა სამშვიდობო შეთანხმება ღაზის სექტორში, როგორც ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობა.
კასემის თქმით, „ჰეზბოლა“ ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარის ნაბიჰ ბერის მცდელობას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაში მხარს უჭერს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ბერის მიერ წარმოებულ პოლიტიკურ აქტივობას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ეხება“, – განაცხადა კასემმა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საკითხი მომწიფდება, და დიპლომატია მას მიაღწევს, სხვა დეტალებზე მსჯელობა შესაძლებელი გახდება“, – დასძინა მან. „ხოლო თუ მტერი [ისრაელი] გააგრძელებს ომს, ყველაფერი ბრძოლის ველზე გადაწყდება“.