უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში მას „პოლიტიკური ინტიფადა“ მოუწყვეს.
ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც უნგრეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტებზე საუბრობდა.
ევროპარლამენტში ორბანის გამოსვლას დეპუტატების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.
„მოხარული ვიქნებოდი, უნგრეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე მესაუბრა, რომელიც დღეს აქ წარვადგინე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ ეს არ გაინტერესებთ. პოლიტიკური ინტიფადა მოაწყვეთ. უნგრეთის შესახებ მთელი ეს მემარცხენე სიცრუე სუფთა წყლის პროპაგანდაა“, – განაცხადა ორბანმა.
ამასთან ერთად, ორბანმა თქვა, რომ არ გაჰკვირვებია კრიტიკის მოსმენა ევროდეპუტატებისგან, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტის ბრალდებებმა მისი გაოცება გამოიწვია, რადგანაც ევროკომისია ნეიტრალურ ორგანოდ მიაჩნდა.
„ყველაფერი შეიცვალა. ნაცვლად იმისა, რომ შეთანხმებები დაიცვას, ევროკომისია პოლიტიკური ორგანო გახდა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინაში ომის დასრულების ევროკავშირის სტრატეგია და განაცხადა, რომ ეს უკრაინის დამარცხებას გამოიწვევს. მისივე თქმით, თუ ევროკავშირს უკრაინის დამარცხება არ სურს, უნდა მიმართოს პირდაპირ და ირიბ დიპლომატიას.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატების ნაწილმა „ბელა ჩაო“ იმღერა.