უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს ხვდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შეხვედრა ლონდონში დაუნინგ სთრითზე მიმდინარეობს. ტელეარხის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს ევროპული ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება სურს.
„მადლობა დიდი ბრიტანეთის ხალხს, თქვენი დიდებული ქვეყნის ხალხს იმისთვის, რათა ის ომის დაწყების დღიდან გვეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ სტარმერთან შეხვედრის დაწყების წინ.
არსებული ინფორმაციით, ზელენსკი სტარმერს მის მიერ შედგენილი უკრაინის გამარჯვების გეგმას წარუდგენს. ლონდონში ჩასულია ნატოს ახალი გენერალური მდივანიც მარკ რუტე. ის უკვე მივიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში, სადაც ზელენსკის შეხვდება.
დიდი ბრიტანეთიდან ზელენსკი საფრანგეთსა და იტალიაში გაემგზავრება. BBC-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტი ლონდონს დატოვებს, რუტე სტარმერს პირისპირ შეხვდება.