შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ცემის ფაქტს, საპარალამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეხმაურება. უმრავლესობის წევრი გმობს ძალადობას, რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს ანგარიშსწორებას საფუძვლად.
„მინდა შევეხო იმ ძალადობრივ დანაშაულს, რომელიც სამწუხაროდ გუშინ მოხდა. მხედვლელობაში მაქვს ბატონი გელა ხვედელიძის ანგარიშსწორების ფაქტი, მძიმე დანაშაულის მოწმენი გავხდით. მინდა ფაქტების კონსტანტირება მოვახდინო. გელა ხვედელიძე არის ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იდგა ხალხის გვერდით, როდესაც ქვეყანაში მოძალადე რეჟიმი არსებობდა. ის ასევე აქტიურად იყო ჩართული „ეროვნული ფორუმის“ პოლიტიკური მოძრაობის საქმიანობაში, პირადად და უშუალოდ იცავდა ვალერი გელაშვილს, როცა მას საფრთხე ემუქრებოდა. ასევე აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ წინასაარჩვენო კამპანიის მუშაობაში, შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სახით და მას თავისი წვილილი აქვს შეტანილი იმ გამარჯვებაში, რა გამარჯვებაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წლის 1 ოქტომბერს შედგა.
ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი პირის მიმართ ძალადობრივი დანაშაული. მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ ორგანოებს, რომ როგორც ყველა სხვა დანაშაული, ეს საქმეც იქნეს გახსნილი და საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რა იყო ანგარიშსწორების მიზეზი, ვინ იყო დამკვეთი.
მე იმედი მაქვს, რომ ბატონი გელას გამოჯანმრთელების შემდეგ, საზოგადოებას მიეცემა საშუალება მისი ვერსია მოისმინოს, თუ რას მიიჩნევს ის ანგარიშსწორების მიზეზად. ფაქტია, რა მიზეზიც არ უნდა დასახელდეს, ჩემთვის მიუღებელია ძალადობრივი ფაქტი, ჩვენ სამართლებრივ ქვეყანას ვაშენებთ და არსებობს კანონიერი საშუალებები, თუ ვინმე რამეს დაარღვევს ამისთვის პასუხის მოთხოვნის და არა ძველბიჭური, ან ძალადობრივი დანაშაულებების, რომლის მოწმენიც სამწუხაროდ შევიქმენით“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.