უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩრდილოკორეელი სამხედროების ჩაყვანასთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქცია გააკრიტიკა.
სამხრეთკორეულ ტელეარხთან KBS-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეების მხრიდან რეაქციის არარსებობა, რუსეთის პრეზიდენტს წააქეზებს, გაზარდოს ჩრდილოკორეელი მებრძოლების რაოდენობა უკრაინაში.
„პუტინი ამოწმებს დასავლეთის რეაქციას. მე მჯერა, რომ რეაქცია, რომელიც დღეს დასავლეთს აქვს, არაფერია, ნულის ტოლფასია და კორეელი ჯარისკაცების რაოდენობა ჩვენს მიწაზე გაიზრდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი უკვე ცდილობს ჩრდილოეთ კორეასთან შეთანხმებას, რათა გაგზავნოს საინჟინრო ჯარები და დიდი რაოდენობით სამოქალაქო პირები რუსეთის სამხედრო ქარხნებში სამუშაოდ.
ზელენსკიმ განსაკუთრებით გააკრიტიკა ჩინეთი.
უკრაინის პრეზიდენტი გაკვირვებულია, მსოფლიოში მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნის დუმილის გამო, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების განლაგებასთან დაკავშირებით.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას გააჩნია ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩრდილოკორეელების განლაგების ფაქტი დასავლეთთან სადაზვერვო არხების მეშვეობით პირდაპირ დაადასტურა.