მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
„ალბანეთის დედაქალაქმა ტირანამ არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. მსოფლიოს პირველობა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი მედლით და გუნდურ ჩათვლაში მოპოვებული პირველი ადგილით დაასრულა.
მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ). ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევი ანგარიშით 13:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 5-წლიანი პაუზის შემდეგ ავთანდილ კენჭაძე პირველი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედალი მოიპოვა მირიან მაისურაძემ (92 კგ). მან ფინალური შეხვედრა ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ორგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ აბდულრაშიდ სადულაევთან დათმო. მნიშვნელოვანია, რომ 21-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
წარმატების მისალოცად ქართველ მოჭიდავეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შალვა გოგოლაძე და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე დახვდნენ. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ოჯახის წევრებიც.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.