მოლდოვაში აცხადებენ, რომ რუსეთი, შესაძლოა, საზღვარგარეთ არსებულ უბნებზე საარჩევნო პროცესის ჩაშლას შეეცადოს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მოლდოვის მთავრობის წყაროს ინფორმაციით, ქვეყანამ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს აცნობა, რომ რუსეთი, შესაძლოა, შეეცადოს საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესის ჩაშლას. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ეს საარჩევნო უბნები, შესაძლოა, იყოს იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, კანადაში, რუმინეთში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, მათ შორის, შესაძლოა, საარჩევნო პროცესის ჩაშლას შეეცადოს ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინების საშუალებით.
„მათი მიზანია კენჭისყრის პროცესის შეწყვეტა ევაკუაციისა და საპოლიციო შემოწმების დროს. გთხოვთ, გამოიყენოთ ისეთი პროცედურები და პროტოკოლები, რომლებიც არ შეაჩერებს კენჭისყრის პროცესს“, – ნათქვამია მოლდოვის გზავნილში ევროპელი ოფიციალური პირისადმი.
წყაროს თქმით, მოსკოვს თვითმფრინავითა და ავტობუსებით გადაჰყავს მოლდოველი მოქალაქეები აზერბაიჯანში, ბელარუსში, თურქეთსა და მოლდოვაში ხმის მისაცემად.
შეგახსენებთ, მოლდოვაში დღეს არჩევნების მეორე ტური იმართება. პირველ ტურში, 20 ოაქტომბერს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი. მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ და მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილი ალექსანდრე სტოიანოგლო გავიდნენ. მაია სანდუმ ხმათა – 42,45%, ხოლო სტოიანოგლომ 25,98% დააგროვა.