მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტს, “მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის კანდიდატს, მაია სანდუსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტური პარტიის კანდიდატს, ალექსანდრე სტოიანოგლოს შორის უწევთ. მოლდოვაში საარჩევნო უბნები საღამოს 9 საათზე დაიხურება.
საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა მაია სანდუმ და თქვა, რომ ხმა მისცა “მოლდოვას“. მან ყველა მოქალაქეს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.
“მე ხმა მივეცი მოლდოვას. მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ სწორ არჩევანს ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა და დამოუკიდებლობა. ქურდებს უნდათ ჩვენი ხმის ყიდვა, ჩვენი ქვეყნის ყიდვა, მაგრამ ხალხის ძალა აღემატება მათ ბოროტებას. ძალა თითოეულ თქვენგანშია. წადით რწმენით და იმედით“ – განაცხადა სანდუმ.
არჩევნებისთვის მსოფლიოს 37 ქვეყანაში 234 საარჩევნო უბანია გახსნილი. პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, სანდუმ ხმების 42.45% მიიღო, სტოიანოგლომ კი – 25.98%.