არჩევნების გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. რაც შეეხება ამომრჩევლების მობილიზებას, ამისთვის გვყავს პარტიის წევრები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ მათთან, – აღნიშნული განცხადებით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამომრჩევლის მობილიზებასთან დაკავშირებით გამოთქმულ ვარაუდებს უპასუხა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე პარტიები NDI-სა და IRI-ს ტრენინგებს გადიოდნენ.
„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით და აბსოლუტურად გულწრფელი ვარ: არანაირი მტკიცებულება, ფაქტი არ არსებობს ბუნებაში, რომ არჩევნები გაყალბდა. ნახეთ, რამხელა სხვაობაა „ქართულ ოცნებასა“ და მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ პარტიას შორის, გინდ ხმების რაოდენობით, გინდ პროცენტულად. ლაპარაკობენ, რომ ეს იყო, ის იყო, მაგრამ არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. უკვე ყველანაირი რესურსი ამოწურეს, თენგოსაც აღარაფერი აღარ დარჩა სათქმელი და ნოდარ მელაძის რაღაც გაუგებარი სიუჟეტით სპეკულირებენ. რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მობილიზებაში პარტია ჩართულია და ამაზე NDI-ს და IRI-ს ტრენინგებს გავდიოდით პარტიები მათივე დაფინანსებით, თუ როგორ უნდა მოახდინო ამომრჩევლის მობილიზება, ამომარჩეველთან კომუნიკაცია, არჩევნების დღეს როგორ უნდა იმოქმედო, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა გააკეთო, როგორ უნდა შექმნა ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ მხარდამჭერების მოყვანას და ა.შ. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რასაც იყენებს ყველა პოლიტიკური პარტია. ეს სპეკულაციები მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. ერთადერთი ხავსი ჰქონდათ და ის ხავსიც აღარ დარჩათ. „ქართულ ოცნებას“ პარტიის 50 000-ზე მეტი წევრი ჰყავს, გარდა ამისა, გვყავს ზონის უფროსები კონკრეტულ უბნებში და რაიონებში, გვყავს უბნის უფროსები, გვყავს ე.წ. აგიტატორები – ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამომრჩეველთან, ყოველდღიური შეხება აქვთ, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა პროექტები ხორციელდება. გყოფნით ეს? საკმარისია? გვყავს ადამიანები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანების მობილიზებას, რათა მოვიდნენ და ხმა მისცენ მათ მიერ მხარდაჭერილ პარტიას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, თუ საიდან გადაუხადეს ანაზღაურება არჩევნებში ჩართულ პირებს, კახა კალაძე პასუხობს, რომ აღნიშნული ფინანსები დეკლარირდება.
„რაც შეეხება პარტიის წევრების ხელფასებს, ეს ყველაფერი დეკლარირდება და შესაბამის უწყებებს, ისევე როგორც ყველა პოლიტიკური პარტია, წარუდგენს „ქართული ოცნებაც““, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.