ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
”მივმართავ ბატონ პრეზიდენტს, დასანანია, რომ არ იღებს ის მონაწილეობას იმ ისტორიულ პროცესში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ახალი საკონსტიტუციო მოწყობა. თქვენ არჩიეთ პარალელური პროცესების მართვა სამწუხაროდ, რაც მოკლებულია საგნობრივ, რეალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძვლებს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ არსებობს მმართველი გუნდის გულწრფელი პოლიტიკური ნება, განავითაროს და გააძლიეროს საქართველოს სახელმწიფო.
”ჩვენ ვფიქრობთ განხორციელებული რეფორმების შედეგად უზრუნველვყოფთ, რომ ყოველი დღე იყოს წინაზე უკეთესი. ბუნებრივია, იქნება შეცდომებიც, ხარვეზებიც, კრიტიკაც და ბრალდებებიც, რომელიც დღეს მოვისმინეთ, მაგრამ მთავარია, რომ არსებობს მმართველი გუნდის გულწრფელი პოლიტიკური ნება, განავითაროს და გააძლიეროს საქართველოს სახელმწიფო და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მმართველ გუნდს გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაციაც. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ზოგადი, აბსტრაქტული, არა საგნობრივი და შინაარსობრივი ბრალდებები (არ მაქვს მხოლოდ პრეზიდენტზე საუბარი), არამედ პოლიტიკური განცხადებები, რომლებსაც რიგ შემთხვევებში იურიდიული საფუძველი არ გააჩნდათ და არ შეესაბამებოდა სიმართლეს”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მდინარაძემ.