ოპოზიციისთვის ორშაბათიც შაბათია, სამშაბათიც და სულ შაბათია. მათ თქვეს, რომ გეგმა ხაზარაძეა. კი ბატონო, მშვიდობაში მოიხმარონ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ გეგმა იყო და არის ქვეყნის განვითარება, წინსვლა.
„ოპოზიცია პოლიტიკურ ჭაობშია, სადაც ახლა უფრო ეფლობა. საჯარო სივრცეში ამაზე უფრო მკვახედ ვერ ვიტყვი, სად არის ოპოზიცია. ოპოზიციისთვის ორშაბათიც შაბათია, სამშაბათიც და სულ შაბათია. მათ თქვეს, რომ გეგმა – ხაზარაძეა. კი ბატონო, მშვიდობაში მოიხმარონ. ჩვენი გეგმა იყო და არის ქვეყნის განვითარება, წინსვლა, სუვერენიტეტისა და ტრადიციების შენარჩუნება, ასევე ცივილიზებულ სამყაროსთან თანაცხოვრება. ბოლოს და ბოლოს, ოპოზიციამ გაამხილა, მათი გეგმა რა ყოფილა, ეს ყოფილა მამუკა ხაზარაძე. უნიათობა, რაც ოპოზიციას ჰქონდა, სხვა შედეგს ვერც დადებდა. მთელი წინასაარჩევნო კამპანია ლგბტ დროშით ჩაატარეს – ლგბტ დროშას ხელი არ გაუშვეს, ტრადიციების გინებას თავი არ დაანებეს, შედეგიც მიიღეს. არჩევნების საღამოს თავიანთი ეგზიტპოლებით გამარჯვება იზეიმეს და მაშინ ფარულობის დარღვევა რატომ არ ახსოვდათ? – საჩივრების დაწერის ნაცვლად, შამპანიურები გახსნეს, ეს არის მათი სახე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ძლიერი საქართველოს“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა: „სულ მეკითხებიან, რა არის ოპოზიციის გეგმა, გეგმა ვართ ჩვენ, უნდა ვიაროთ კარდაკარ და ვუთხრათ, გამოდით, შემოგვიერთდით“.