„იმედინიუსის“ საერთაშორისო მიმართულების მთავარმა რედაქტორმა კახა დგებუაძემ „დღის ქრონიკაში“ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების განმაპირობებელ ფაქტორებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ტრამპისა და რესპუბლიკელების ტრიუმფის მთავარი მიზეზი ბაიდენის ადმინისტრაცია და ამ ადმინისტრაციის მიერ 4 წლის განმავლობაში დაპირებების ვერ შესრულება იყო.
„ბაიდენის მთავარი დაპირება იყო ერთიანობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. საბოლოო ჯამში ამერიკელებმა ოთხი წლის თავზე მიიღეს აბსოლუტურად პოლარიზებული, დაყოფილი საზოგადოება. მიიღეს ეკონომიკური პრობლემები, ინფლაცია, ფასების ზრდა.
გუშინ, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურა, CNN-მა გამოაქვეყნა ეგზიტპოლი, სამმა მეოთხედმა განაცხადა, რომ არ არის კმაყოფილი დღეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობით. მაშინ მივხვდი, რომ ტრამპი უკვე გამარჯვების გზაზე იყო. კამალა ჰარისი მაინც იყო ამ ადმინისტრაციის ნაწილი, პასუხისმგებლობა ჰქონდა ყველა იმ წარუმატებლობაზე, რაც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას.
შემდეგი მიზეზი იმისა, თუ რატომ მოიპოვეს რესპუბლიკელებმა ასეთი მყარი გამარჯვება, ეს არის საერთაშორისო არენა. ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო იმ შეკავების შესაძლებლობების გამოყენება საერთაშორისო არენაზე, რაც ამერიკას გააჩნია. ეს იყო პირველ რიგში ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში“, – განაცხადა კახა დგებუაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრს აინტერესებს, როგორი იქნება ტრამპის პოლიტიკა.
„ტრამპი არ არის ვიღაც ახალი პოლიტიკაში, ჩვენ უკვე გამოვიარეთ 4 წელი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ეს იყო აბსოლუტურად სტაბილური 4 წელი საერთაშორისო ურთიერთობებში, ამერიკელებისთვის ეკონომიკურად მშვენიერი 4 წელი, უმუშევრობის დაბალი დონით, მაღალი ხელფასებით. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ტრამპი არა მხოლოდ ტრიუმფალურად დაბრუნდა, არამედ ასევე მოიპოვა მხარდაჭერა ახალგაზრდებს შორის, ფერადკანიანებს შორის და ესპანურენოვან მოსახლეობაში.
მე დღეს დავინახე ანალიზი ადგილობრივ სოციალურ მედიაში, რაღაც შედარებებს აკეთებდნენ, რომ ტრამპმა სოფლებში მოიგო, კამალამ კი დიდ ქალაქებში. ანუ კამალამ თუ ელიტასთან იყო, დიდ ქალაქებში და ასე შემდეგ, ტრამპი ამ დროს იყო უბრალო ხალხთან, რომელსაც შეეხო ის ეკონომიკურუი პრობლემები, თან ამ ხალხს ახსოვდა ის, რაც იყო ტრამპის პერიოდში. ზოგადად ტრამპს ძალიან კარგად გამოსდის სუსტი წერტილების პოვნა საზოგადოებაში, ამ წერტილებზე დარტყმა და კონკრეტული მესიჯების მიტანა მოქალაქეებთან და ეს მეორედ გამოვიდა მას აბსოლუტურად მშვენივრად“, – აღნიშნა კახა დგებუაძემ.