ჩვენთვის ეს ორი კანონი არ იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ჩვენ მართლა გვჯერა, რომ ეს ასე უნდა მოწესრიგებულიყო, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და დონალდ ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონები.
როგორც თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, პრემიერმა დღესაც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახლაც მზად არის საჯარო დისკუსიისთვის.
„ამ კითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ უპასუხა. აბსოლუტურად ვიზიარებ მის მიდგომას. ჩვენთვის ეს ორი კანონი არ იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ჩვენ მართლა გვჯერა, რომ ეს ასე უნდა მოწესრიგებულიყო. ამ კანონების მიღების ეტაპზე, ვიდრე კანონპროექტები იყო, ჩვენ ვითხოვდით, რომ თუ ვინმეს აქვს რაიმე მყარი არგუმენტი ამ კანონების საწინააღმდეგოდ, ჩამოვიდნენ, სპეციალისტები, გინდაც ოფიციალური პირები და საჯარო დისკუსია გავმართოთ, რათა ქართველმა ხალხმა ნათლად დაინახოს, ვის რა არგუმენტები აქვს. არა დაკეტილ კარს მიღმა, საქართველოს ამომრჩევლების ზურგს უკან, როდესაც არავინ იცის ვინ რაზე ურიგდება და რა არგუმენტები ჰქონდა მხარეებს, არამედ საჯაროდ.
საქართველოს პრემიერმა დღესაც თქვა, ჩვენ ახლაც მზად ვართ დისკუსიისთვის, ოღონდ საჯაროდ, არავითარი გამოკეტილი კარების მიღმა, როგორც აქამდე ხდებოდა და ყოველთვის საქართველოს საზიანოდ მთავრდებოდა. საქართველოს ამომრჩეველს წარმოდგენა არ ჰქონდა რისთვის მოხდა ესა თუ ის გადაწყვეტილება, რატომ იყო მიღებული.
თუ ისინი საჯაროდ დაგვარწმუნებენ, ექნებათ მყარი სამართლებრივი არგუმენტები, მაშინ ვიფიქრებთ ბევრ საკითხზე, მაგრამ აქამდე, არც კანონპროექტების მიღების პერიოდში და არც კანონპროექტების კანონად ქცევის შემდეგ, არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, არც წერილობით და არც საჯაროდ, არ მოგვისმენია.
უბრალოდ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე იძახო, რომ არ მოგვწონს შენი კანონმდებლობა, ასე არ გამოვა დისკუსია. ამას, ჩვენ ქართველ ხალხს არ ვაკადრებთ. ჩვენ, ჩვენს ხალხს დავუსაბუთეთ რისთვის გვინდოდა ეს კანონები. ქართველმა ხალხმა გაიზიარა და საქართველოს ამომრჩეველმა, მილიონ 200 ათასმა ადამიანმა გაიზიარა ასეთი მიდგომა და ხმა მოგვცა. ასე, რომ ახლა ეს მილიონ 200 ათასი ადამიანი მყარი არგუმენტით უნდა დაარწმუნო, რომ რაღაც არის დასაკორექტირებელი და არა დახურულ კარს მიღმა. ასე არ გამოვა.
ჩამოვიდნენ, საჯაროდ გავმართოთ დისკუსია და მილიონ 200 ათასმა ადამიანმა, ჩვენმა მომხრემ მაინც, უსმინოს რა არგუმენტები აქვთ ჩვენს ოპონენტებს. დამერწმუნეთ, რომ ვერავითარ ღირებულ არგუმენტს ისინი ვერ მოიტანენ“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.