რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები ქვეყნის შიდა საქმეებში კი არ ერევიან, უკვე ოპოზიციურ საქმიანობას წარმართავენ, ვითომ გაყალბებული არჩევნების აქციაზე გამოვიდნენ და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
ის ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობას და მათ განცხადებებს გამოეხმაურა.
„გუშინ დადასტურდა, რასაც ვამბობთ ხოლმე – ეს ადამიანები საქართველოში კეთილი სურვილებით არ არიან ჩამოსული. მათ საქართველოს მომავლის მიმართ აჩვენეს ზიზღი, არამეგობრული დამოკიდებულება, უპატივცემულობა მილიონ 200 ათასი ამომრჩევლის წინაშე. რაც მთავარია, ევროპის სახელმწიფოების საზოგადოების წინაშე, რადგან ვიცით, რომ ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა ლიბერალურ ფაშიზმს არ ემხრობა და ჟიგიმანტასს, როთს არ ეთანხმებიან. ეს ყველაფერი აქციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ 26 ოქტომბერს სწორი გადაწყვეტილება მიუღია. მათი მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა აღარ არის, ეს არის პირდაპირ ოპოზიციური ფლანგის წარმართვა. ქვეყნის შიდა საქმეებში კი არ ერევიან, უკვე ოპოზიციურ საქმიანობას წარმართავენ. არჩევნებზე ვნახეთ მათი შედეგები, მაგრამ ჩარევას რომ აგრძელებენ, ამის მორიგი მტკიცებულებაა აქცია. ოპოზიციის მიმართ ვინც სუბიექტურია, ობიექტურ მსაჯულებად ვერ გამოდგებიან. ვითომ გაყალბებული არჩევნების აქციაზე გამოვიდნენ და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ სამართლიანად ზის და მას არავინ აწამებს. როგორც ჩანს, ამ ვითომ ევროპელ აქტორებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ აინტერესებთ და თავიანთ საერთაშორისო სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებენ. რაც შეეხება ვითომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, ვინც ჩამოსულია გერმანიიდან, ლიეტუვიდან, მათ ქვეყნებს რუსეთთან ხუთჯერ მეტი ბრუნვა აქვს, ვიდრე საქართველოს. ვიდრე რუსეთთან ბრძოლას ახსენებენ, მანამდე გადახედონ რუსეთთან თავიანთ ეკონომიკურ ბრუნვას და მათი ლიდერების განცხადებას, რომ სამხედრო კონფლიქტში არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვებიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე განაცხადა: „შეიძლება, ეს იყოს ჩემი უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში, რადგან ვაპირებ, პოლიტიკას გამოვეთიშო, ვიმედოვნებ, რომ შევძლებ, დავბრუნდე, როგორც საქართველოს მეგობარი“.