საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მონაწილეობს.
კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერების კლიმატის ქმედებათა სამიტის გახსნის სესიას და სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მაღალი დონის შეხვედრის გახსნას დაესწრო.
სამიტის მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებმა, ტრადიციულად, ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.
COP29-ში საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.