საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პატივი მიაგო.
„ჩვენი ვალია გვახსოვდეს და პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თანამემამულეების ხსოვნას, რომლებიც შეეწირნენ ჩვენს თავისუფლებას და ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ, რათა საქართველო იყოს ერთიანი, თავისუფალი და დამოუკიდებელი”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრი ცხინვალის რეგიონში მე-6 ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის ჩატარებას ეხმაურება.
”ცინიკურია, რომ დღეს 9 აპრილს იმართება ე.წ. არჩევნები და რეფერნდუმი, რომელსაც ატარებს რამდენიმე ათასი ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც გამოდევნილი არიან ეთნიკური ქართველები საკუთარი ტერიტორიიდან, საკუთარი სახლებიდან. ეს არის ყველანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევა. მას არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. შესაბამისი განცხადებები გაკეთდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში. რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სუვერენიტეტის შელახვას და ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ აგოს პასუხი იმ დარღვევებისა და აგრესიისთვის, რომელსაც აკეთებს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ”სამხრეთ ოსეთისთვის” სახელის „სამხრეთ ოსეთი – სახელმწიფო ალანიად“ შეცვლის თაობაზე ”რეფერენდუმი” ტარდება.