საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო თანამეგობრობამ და ცალკეულმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ერთსულოვნები არიან და ცალსახად გმობენ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს.
”კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. ამას ადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომელსაც უპირობოდ იცავს ცივილიზებული სამყარო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს მკაფიო პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ერთსულოვნები არიან და ცალსახად გმობენ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს.
საქართველოს უძველესი რეგიონისთვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელწოდების მინიჭებასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას ჩვენ განვიხილავთ როგორც რეგიონის უკანონო ანექსიისთვის საფუძვლის მომზადებას. სამწუხაროდ, ასეთი პროვოკაციული მოქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას.
მე მჯერა, რომ ჩვენ, ქართველები და ოსები, გამოვნახავთ ერთმანეთისკენ სავალ გზებს და მოვერევით ისტორიულად არარსებულ გაუცხოებას, ერთად ვიზრუნებთ ჩვენი საერთო სამშობლოს, საერთო სახელმწიფოს – საქართველოს მშენებლობისთვის”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.