„უკრაინის პროკურატურა სააკაშვილის დაკავებას გეგმავს?!“,- აღნიშნული სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი ოპონენტებმა საეჭვო ფინანსურ გარიგებებში დაადანაშაულეს. სკანდალი კი გასულ კვირას ოდესის ოლქის გუბერნატორის თანაშემწის, თემურ ნიშნიანიძის სამუშაო კაბინეტსა და საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკით გაგრძელდა. უკრაინული მედია, გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით წერდა, რომ ამოღებულია დოკუმენტაცია, რომლიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს, საუბარია დაახლოებით 20 მილიონ გრივნაზე.
როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, ერთ-ერთი ვერსიით, თემურ ნიშნიანიძის შემდეგ უკრაინის პროკურატურა შესაძლოა, სააკაშვილის სხვა თანაგუნდელების საქმიანობითაც დაინტერესდეს.
სტატიის თანახმად, ამჯერად საქმე ოდესის საბაჟოს ეხება.
„ეს თემაც უკრაინის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა ღია ეთერში წამოსწია და სააკაშვილს ასე მიმართა: „კი, ბატონო, აღფრთოვანებული ვარ ამ საბაჟოთი, მაგრამ, როცა ვიკითხე, ვინ აკონტროლებს მას, აღმოჩნდა, რომ ეს გოგო კი არა, ვინც საბაჟოს უფროსად დანიშნეთ, ანა პანჩევა, არამედ მამუკა ტუღუში და გიორგი ცხაკაია არიან“, – განაცხადა ჩერნენკომ.
მამუკა ტუღუშს საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფინანსური პოლიციის საბაჟოს წესების დარღვევასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ჩვენი ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ საბაჟოებს პრაქტიკულად სწორედ ტუღუში აკონტროლებდა. ის დავით კეზერაშვილის მარჯვენა ხელად მიიჩნეოდა.
ამბობენ, რომ ტუღუშთან საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნა არაერთ იმპორტიორს. რაც შეეხება გიორგი ცხაკაიას, რომელსაც, ასევე, ოდესის საბაჟოს არაფორმალურ კონტროლს უკავშირებენ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავდება. 2009 წლის სექტემბრიდან შემოსავლების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2011 წელს მან შემოსავლების სამასახურიდან თბილისის მერიაში გადაინაცვლა და გიგი უგულავას მოადგილე გახდა.
უკრაინული მედია პროკურატურაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოდესის საბაჟო პრაქტიკულად მიბმულია სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ ფონდთან და თუ ბიზნესმენები ამ ფონდს მსხვილ თანხებს არ შესწირავენ, მათ საბაჟოზე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან. უკრაინული მედიის განსაკუთრებული გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ფონდის დამფუძნებელთა შორის „ფინბანკის“ მფლობელები – კაუფმანი და გრანოვსკი აღმოაჩინეს.
ეს ბიზნესმენები, უკრაინაში იანუკოვიჩის კლანს წარმოადგენდნენ და, როგორც მედია იუწყება, „მაიდანის“ ბოლო წუთებამდე ექსპრეზიდენტის აქტიურ მხარდამჭერებად ითვლებოდნენ. ამჟამად კი ისინი სააკაშვილის ფონდის ყველაზე მსხვილ დამფინანსებლად ფიგურირებენ. ფონდის საბანკო ანგარიშებიც სწორედ მათი კომპანიის ქვეშ არის. ფონდის მეშვეობით დაფინანსდა ოდესის მერობის კანდიდატის, საშა ბოროვსკის საარჩევნო კამპანია, სააკაშვილისა და მისი გარემოცვის უცხოური ვიზიტები.
მათ შორის ნახსენებია ოდესის გუბერნატორის დაცვის უფროსი, გიორგი რუბაშვილი, რომელიც, სხვათა შორის, 2015 წლის ივნისამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის დაცვას ახორციელებდა. გასული წლის 15 ივნისს კი პატაკი დაწერა და ოდესაში გაემგზავრა“,- წერს „პრაიმტაიმი“.
“უკრაინის პროკურატურა სააკაშვილის დაკავებას გეგმავს”
2016/05/30 14:57:31
კომენტარები
ნანახია: 14460 ჯერ