ურთიერთობების გადატვირთვა დასავლეთთან გარდაუვალია, რადგან „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებამ აირჩია, რადიკალურ ოპოზიციას კი ამ პროცესებში არ ექნება არანაირი როლი და ის დარჩება შავ ლაქად საქართველოს ისტორიაში, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
იგი გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის სტატიას იმის თაობაზე, რომ საბოლოოდ, ევროკავშირს მოუწევს ურთიერთობა „ქართული ოცნების“ მთავრობასთან, რადგან ნამდვილად არის განცდა, რომ ის ერთადერთი რეალური მოთამაშეა პოლიტიკურ ველზე.
„ეს არის ის რეალობა, რაც არის დღეს საქართველოში, ვინაიდან ერთადერთი პარტია, რომელიც პასუხისმგებელი არის, გამოირჩევა დამოკიდებულებით საკუთარი საზოგადოების მიმართ – ეს არის „ქართული ოცნება“. მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებზე მუშაობა არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტებს ერთად მოვუყარეთ თავი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო პროგრამაში და ახლა უკვე ამ პროგრამას ექნება სამთავრობო გეგმის სახე, როდესაც უკვე მომდევნო კვირაში ის შემოვა საქართველოს პარლამენტში და ამის საფუძველზე მოხდება მთავრობისადმი ნდობის გამოცხადება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
მისი თქმით, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც საფუძვლად რეგიონის განვითარების უმნიშვნელოვანესი გეგმა უდევს და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ აქტორს მოუწევს მუშაობა იმ პოლიტიკურ ძალასთან და პარტიასთან, რომელიც აირჩია ქართულმა საზოგადოებამ.
იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარი რეკორდულმა მილიონ 120 ათასმა მოქალაქემ დაუჭირა, რომლებსაც სურთ საქართველოს სწორი და სწრაფი განვითარება, რის გარანტიასაც იძლევა „ქართული ოცნება“.
„ჩვენ შეგვეძლება ამ ყველაფრის შეფასება 4 წლის შემდეგ, ამიტომ ამ ყველაფერზე მუშაობა დაუყოვნებლივ არის საჭირო. რა თქმა უნდა, მათ შორის ის პროექტები, რომლებიც განხორციელდება ამ წლების მანძილზე იქნება უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო არა მხოლოდ საქართველოსთვის და არა მხოლოდ კავკასიის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მიმართულებით, რაც ეკონომიკურ დავლათს მოუტანს როგორც აზიის მიმართულებით, ასევე ევროპის მიმართულებით სახელმწიფოებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
შესაბამისად, ამ საკითხებზე მუშაობა არის უმნიშვნელოვანესი და გარდაუვალი, განაცხადა იონათამიშვილმა და აღნიშნა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა დასავლეთთან მოხდება იმაზე მალე, ვიდრე მავანს და მავანს წარმოედგინა.
„ეს პროცესი უკვე ფაქტობრივად დაწყებულია და, რა თქმა უნდა, ეს პროგნოზი გამართლდება და ეს ასეც იქნება, და სწორიც არის. ამ პროცესებში, რა თქმა უნდა, ამ რადიკალური ოპოზიციის როლი ვერსად ვერ იქნება, ვინაიდან ისინი დარჩებიან, როგორც შავი ლაქა საქართველოს ისტორიაში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.