საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს.
ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი რომ, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყნის ისტორიაში პირველად ახალი წესით ჩატარდება – პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც 300 წევრისგან შედგება. განსხვავებულია არჩევნებთან დაკავშირებული ვადები, წესები თუ პროცედურები.
„ვინაიდან ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მიერ ვრცელდება არასწორი ინტერპრეტაციები და მანიპულაციური განცხადებები, საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად განმარტავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში. შესაბამისად, პარლამენტმა გადაწყვეტილება არჩევნების 14 დეკემბერს დანიშვნასთან დაკავშირებით კონსტიტუციის გათვალისწინებით მიიღო.
რაც შეეხება არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს – არჩევნების ადმინისტრირებას ახორციელებს ცესკო. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის მიერ არჩევნები დაინიშნა 14 დეკემბერს, საჭირო გახდა ზოგიერთი ღონისძიებისა და ვადის მოდიფიცირება, რის უფლებამოსილებაც საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით აქვს (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 14). შესაბამისად, ცესკომ 26 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ დადგენილება.
დადგენილების თანახმად, საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები ვალდებული არიან არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში ცესკოს წარუდგინონ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ასევე უფლებამოსილი პარტიები ვალდებული არიან, ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში წარმოადგინონ საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი პირის შესაბამისი მონაცემები და იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს დასახელება, რომლის წევრიცაა აღნიშნული პირი, აგრეთვე წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ცესკო განკარგულებით ამტკიცებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (3 დეკემბერი).
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა შეუძლია საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-9 დღისა (5 დეკემბერი). საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (8 დეკემბერი).
რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 09:00 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14:00 საათზე, ან მანამდე, ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
ცესკომ სხდომაზე ასევე დაადგინა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი და განსაზღვრა უფლებამოსილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის საარჩევნო კოლეგიაში წევრთა კვოტები. ცესკოს განკარგულების თანახმად საარჩევნო კოლეგიაში კვოტები შემდეგნაირად განისაზღვრა:
1. №1 – „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი” – საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი;
2. №2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – საარჩევნო
კოლეგიის 2 წევრი;
3. №5 – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – საარჩევნო კოლეგიის 36 წევრი;
4. №8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი;
5. №9 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” – საარჩევნო
კოლეგიის 4 წევრი;
6. №10 – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი;
7. №25 – „გახარია საქართველოსთვის” – საარჩევნო კოლეგიის 9 წევრი;
8. №41 – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – საარჩევნო კოლეგიის 54
წევრი;
9. №45 – „გირჩი-მეტი თავისუფლება” – საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი.
კვოტების მიხედვით შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიებმა კოლეგიის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან უნდა დაასახელონ. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.
საარჩევნო ადმინისტრაცია პრეზიდენტის არჩევნების ადმინისტრირებას კანონმდებლობის სრული დაცვით, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით განახორციელებს. ამასთან, მივმართავთ ჩართულ მხარეებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში. საარჩევნო ადმინისტრაცია რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ დეზინფორმაციასა თუ მანიპულაციას და საზოგადოებას მიაწვდის ობიექტურ, გადამოწმებულ ინფორმაციას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.