საქართველოს, 20-21 აპრილს, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 20 აპრილს 17:00 საათზე დაეშვება.
21 აპრილს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია. 11:30 საათზე, ვიქტორ ორბანი და გიორგი კვირიკაშვილი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ამასთან, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომლის მონაწილეებს 12:00 საათზე გიორგი კვირიკაშვილი და ვიქტორ ორბანი მიმართავენ.
უნგრელ კოლეგას, მეუღლესა და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
დაგეგმილია ვიქტორ ორბანის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
უნგრეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანიკო ლევაი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერ-მინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი იმყოფებიან.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
2017/04/19 17:40:52
კომენტარები
ნანახია: 1221 ჯერ