„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთო კახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „კვირას“ ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ექიმმა განუცხადა, დეპუტატს ჭრილობები გაუკერეს და იგი ამჟამად ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„პაციენტს კლინიკაში შემოსვლისას შუბლის არეში ჭრილობა აღენიშნებოდა. ჭრილობა დავუმუშავეთ, რამდენიმე ნაკერიც დასჭირდა. მიღებული ტრავმის შედეგად, პაციენტს მსუბუქი ხარისხის ტვინის შერყევაც აღენიშნება. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია. ამჟამად იგი მოთავსებულია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განუცხადა „კვირას“ ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, დეპუტატების მოსაცდელში ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე დაშავდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა უმრავლესობის დეპუტატს, ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა.ზარდიაშვილის მიმართულებით ნასროლი საფერფლე კანდელაკის თანაგუნდელს, ოთარ კახიძეს მოხვდა. კახიძემ ტრავმა თავის არეში მიიღო. დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს.
როგორია დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
2017/04/19 18:54:01
კომენტარები
ნანახია: 4268 ჯერ