საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია შუა დერეფნის განვითარების საკითხში.
„თუკი გლობალურ სცენარს და გლობალურად მიმდინარე პროცესებს შევხედავთ, განსაკუთრებულად კარგად ჩანს, თუ რა როლი შეუძლია შუა დერეფანს შეასრულოს. თუ ჩვენ სწორად ვპოზიციონირდებით, როგორც აზერბაიჯანი, ისე საქართველო, ჩვენ რა თქმა უნდა გადამწყვეტი როლის შესრულება შეგვიძლია შუა დერეფნის განვითარების საკითხში. ამისათვის მნიშვნელოვანია ის პარტნიორობა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს.
წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ პროცესს. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა ხშირად იყო მიმართული რეგიონული პროექტების განხორციელებისკენ. დღეს, პოტენციალი არის ბევრად უფრო დიდი, მეტად უფრო დიდი შესაძლებლობები არსებობს რეგიონში და სწორედ ამისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის კოორდინირებული მოქმედება, თანამშრომლობა ყოველდღიურ რეჟიმში იმისათვის, რომ ის შესაძლებლობები, რასაც დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობა იძლევა, ის შესაძლებლობები, რაც გეოგრაფიულად აქვს ჩვენს რეგიონს, ეს სწორად იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.