საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო თავისი ზრუნვით უნდა ეხმარებოდეს ადამიანებს მავნე ჩვევების დაძლევაში.
„ასეთი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არ უნდა გვქონდეს.
საზოგადოება და სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდებული რაც შეიძლება მეტად ებრძოლოს ნებისმიერ ჯანმრთელობისთვის საშიშ ტენდენციას – იქნება ეს სიგარეტის მოწევა, რასთან მიმართებითაც პოზიტიური ნაბიჯები იდგმება კანონმდებლობის მხრივ, იქნება ალკოჰოლიზმი თუ ნარკომანია. ნებისმიერ ტენდენციასთან, რომელიც ჯანმრთელობას აზარალებს, გარკვეული შეწინააღმდეგების პოლიტიკას უნდა აყალიბებდეს სახელმწიფო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დასჯის, ციხეში ჩასმის, ამ ადამიანების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარების ფორმით.
როცა ვამბობთ, რომ ადამიანი თავისუფალია, უნდა ვაღიაროთ მისი უფლება, იყოს თავისუფალი, დაუშვას შეცდომები, მაგრამ ამავე დროს როგორც სახელმწიფო ადამიანს უნდა დავეხმაროთ ამ შეცდომების თუ მავნე ჩვევების დაძლევაში, მაგრამ დავეხმაროთ და არა დავაძალოთ. თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ შენ შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. სახელმწიფოს ზრუნვა კი ნიშნავს იმას, რომ შეცდომების გამოსწორებაში საზოგადოება და სახელმწიფო გეხმარება. იქნება ეს სიგარეტისთვის თუ ალკოჰოლითვის თავის დანებება, ნარკოტიკის გადაგდება. ამაში უნდა ვეხმარებოდეთ და არა – ვსჯიდეთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.