ეს ხალხი ყველა რომ დაასანქცირონ, კომპანიები გაჩერდება. მარტო ჩემს კომპანიაში მუშაობს ათობით ათასი ადამიანი, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.
მან კომენტარი გააკეთა რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციის მიერ გამოქვეყნებულ, დასასანქცირებელ პირთა სიაზე, რომელიც თითქოსდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნად წარდგენილ მარკო რუბიოს ანონიმურმა პერსონამ გაუგზავნა.
ინტერვიუს დროს რუხაძემ სტატიის დაწერის სავარაუდო მიზნებზე ისაუბრა.
„სანქციები ასე არ მუშაობს, რატომღაც ეს ხალხი ყველა რომ დაასანქცირონ, ეს კომპანიები გაჩერდება ყველა. მარტო ჩემს კომპანიაში მუშაობს ათობით ათასი ადამიანი. ვიცი, იქ ვინც არიან, ყველა მსხვილი დამსაქმებელია. ამას დაამატეთ ორი მარეგულირებელი. მგონი, სულ სამი მარეგულირებელი გვყავს ქვეყანაში, ანუ მათი ჭკუით, „ტელეკომი“ უნდა ჩამოაქციონ და საბანკო სისტემა. ანუ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას იმიჯი, რომ ეკონომიკური კატასტროფა გარდაუვალია, მოვიდა ან ახლოვდება, ან იქნება, რომ ეგებ ხალხს მოლოდინი გაუჩინონ ცუდის და მერე ამ მოლოდინზე რაღაც არასწორი გადაწყვეტილებები მიაღებინონ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, არ ინგრევა, ყველაფერი მიდის მშვენივრად“, – განაცხადა რუხაძემ.