ხელისუფლება შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ჩატარდება, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
როგორც ფიცომ აღნიშნა, ათიათასობით ადამიანის მოთხოვნის მიუხედავად, ის არ გადადგება.
მისივე თქმით, მასობრივ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მესამედი უკრაინელია, „რომლებიც სლოვაკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არიან“.
„მე არ მესმის, რატომ უნდა გააკრიტიკონ უკრაინელებმა სლოვაკეთის მთავრობა“, – აღნიშნა ფიცომ.
სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ აქციის მონაწილეები ორგანიზატორებმა მოატყუეს. მისი თქმით, სიცრუეა, რომ მთავრობას ევროკავშირის დატოვება სურს.
„აქ არის ტყუილი ამბავი, რომ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ხალხი ქუჩაში, რათა თავიდან ავიცილოთ სლოვაკეთის ევროკავშირიდან გასვლა. ნებისმიერმა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ მთავრობას არასოდეს გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირის წევრობას“, – აღნიშნა პრემიერმა.
გუშინ სლოვაკეთის თითქმის 30 ქალაქში ხალხი გამოვიდა ქუჩებში ლოზუნგით „სლოვაკეთი ევროპაა“. პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორი ინიციატივა „მშვიდობა უკრაინაში“ და ოპოზიციური პარტიები იყვნენ. აქციის ორგანიზატორთა შეფასებით, მთლიანობაში, დემონსტრაციაში მონაწილეობა 100 000-მდე ადამიანმა მიიღო.