საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბურჯ ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
კერძოდ, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის საქართველოს დროშის ფერებში განათება უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის დღეს გაფორმებულ შეთანხმებას უკავშირდება, რომლის თანახმად, კომპანია თბილისსა და გონიოში მულტიფუნქციურ დეველოპერულ პროექტებში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
„სწორედ აღნიშნული კომპანიის სახელს უკავშირდება ისეთი ფართომასშტაბიანი პროექტების განვითარება, როგორიცაა მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა, ასევე დუბაის სავაჭრო ცენტრი, რომელსაც ყოველწლიურად 110 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.
საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმებას ხელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.