სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 701.0 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.9 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 562.6 ათასი შეადგინა, რაც 7.4 პროცენტით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, უწყების ანგარიშით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 373.1 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 0.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 48.2 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31- 50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 45.0 პროცენტი შეადგინა.
2024 წლის მეითხე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 34.2 პროცენტი, განხორციელდა საყიდლების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 200.0 ათასი და 110.9 ათასი ვიზიტი.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.3 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.6 ღამე) 9.9 პროცენტით მეტია. ვიზიტების 97.8 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 541.6 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 2.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 4.8 პროცენტით გაიზარდა და 962.6 ლარი შეადგინა.